суббота, 3 апреля 2010 г.
პ ე ი ზ ა ჟ ი
პეიზაჟი
პეიზაჟი (ფრან. paysage) – არის სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელშიც ბუნების სურათია ასახული. იგი ფრანგული სიტყვაა, სიტყვა–სიტყვით ნიშნავს ბუნების ხედს, ადგილმდებარეობის გამოსახულებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პეიზაჟი არის ბუნების სახეების პლასტიკური გამოსახვა.
თავდაპირველად პეიზაჟი წარმოადგენდა მხოლოდ ფონს ფიგურულ სურათებში, იგი არ ყოფილა ნაწარმოების მთავარი თემა. დამოუკიდებელი პეიზაჟების ხატვა აღორძინების ხანის დიდმა მხატვრებმა დაიწყეს – გერმანელმა ალბრეხტ დიურერმა (1471–1528), გენიალურმა იტალიელმა ლეონარდო და ვინჩიმ (1452–1519) და სხვებმა.
პეიზაჟური მხატვრობა განსაკუთრებით გაიფურჩქნა ნიდერლანდურ ხელოვნებაში XVII საუკუნეში. ამ საქმის ოსტატები იყვნენ იაკობ რეისდალი (1628–1682), რომელიც გატაცებული იყო ქარიშხლისაგან წაქცეული ხეების, ტყეებისა და ციხეთა ნანგრევების ხატვით, აგრეთვე მეინდენტ გობემა (1638–1709), რომელიც ხატავდა ნათელ, მზის შუქით სავსე პეიზაჟებს.
თემატურად პეიზაჟური ფერწერა იყოფა რამდენიმე სახედ: არის პეიზაჟები, რომელიც ასახავენ ბუნების რეალურ ან გამოგონილ ადგილებს. არის პეიზაჟები, რომლებშიც ჭარბობს ქალაქის ხედები ანდა არქიტექტურული ანსამბლები. არის პეიზაჟები, რომლებშიც დიდი ადგილი უკავია ზღვის ხედებს, მაგალითად რუსი პეიზაჟისტის აივაზოვსკის (1817–1900) ტილოებში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)